ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს


გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინფორმაციით, ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს, რომელიც UNFPA-ს საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა.

მათივე ცნობით, UNFPA-ს საქართველოს ოფისსა და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ საბაშვილმა მოაწერეს.

„მემორანდუმი მიზნად ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ბავშვებისა და მშობლებისთვის განკუთვნილი, კულტურულად მგრძნობიარე და ასაკის შესაბამისი სპექტაკლების მომზადებას და ამ გზით, გენდერული თანასწორობის მიღწევის და საზიანო პრაქტიკების პრევენციის ხელშეწყობას ისახავს.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომ, ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „ესმამ დაქოქა მანქანა“ საპრემიერო წარმოდგენა გაიმართა. გაეროს მოსახლეობის ფონდისა და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში, სპექტაკლი თეატრის რეგულარული რეპერტუარის ნაწილი გახდება და მისი ჩვენებები, პირველ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორია თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატი ელენე მაცხონაშვილი, ხოლო პიესა ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატ დრამატურგს, ალექს ჩიღვინაძეს ეკუთვნის.

სპექტაკლი პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მომზადდა, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.