თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს


„თიბისი ფეი“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან „თიბისის“ ნებისმიერ ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულად აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 წლის წინ „თიბისი ფეიმ“ ეს სიახლე ფიზიკურ პირებს შესთავაზა, ახლა კი საკომისიოს გაუქმება ბიზნესსაც შეეხო. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო.

სიახლე „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ „თიბისი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატებს შეეხება. ამ დრომდე, ბიზნეს მომხმარებლებს მინიმუმ 1-ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, „თიბისის“ ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდათ.

„თიბისი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი სტრატეგიაა ისეთი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას გაუმარტივებს და დროს დაუზოგავს. არსებული გამოწვევის ფონზე, „თიბისი“ მაქსიმალურად ცდილობს კიდევ უფრო წაახალისოს მომხმარებლები, ციფრული პროდუქტებით/სერვისებით ისარგებლონ და დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე სასურველი საბანკო ოპერაცია განახორციელონ. საკომისიო გადასახადის გაუქმებაც ამ სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.