პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი შეეხნენ რეგიონულ საკითხებს

პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი შეეხნენ რეგიონულ საკითხებს


სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს რწმუნებათა სიგელები გადასცა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ.  მიესალმა რა ახლად დანიშნულ ელჩს, პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიულოცა მას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა დიპლომატიური მისიის განხორციელებაში.

„მოხარულები ვართ თქვენი დანიშვნის გამო. სომხურ-ქართული ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მიმაჩნია, რომ ჩვენი ორი ქვეყნის თითოეული ოფიციალური პირისთვის დიდი ვალდებულებაა გავაგრძელოთ და განვავითაროთ ჩვენს ხალხებს შორის ჩამოყალიბებული საუკუნოვანი მეგობრობა.

ჩვენი ორი ქვეყნის დღევანდელი მთავრობების პატივსაცემად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი კეთდება ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული ურთიერთობებისა და კავშირების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით.

ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები მსოფლიოს მრავალი ხალხისთვის შეიძლება სამაგალითო იყოს. ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც ასეთი საუკუნოვანი კავშირები აქვს, გვერდიგვერდ იცხოვრეს, ისტორიის მანძილზე ერთმანეთთან არ ომიათ, პრობლემები არ ჰქონია.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქნებით ამ ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაგრძელებელი. ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი ურთიერთობების ახალ დონეზე ასაყვანად“, – განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

მადლიერება გამოხატა რა მიღებისთვის, ახალდანიშნულმა ელჩმა აღნიშნა: „ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის და ასეთი თბილი დახვედრისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები მართლაც უნიკალურია, რადგან მართლაც ძნელია იპოვოთ ასეთი ხალხი, რომლებიც ასე გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენს მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ, თანახმა ვარ, რომ ახალი მუხტი უნდა შევძინოთ ჩვენს ურთიერთობებ.

რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მისიის განმავლობაში განვავითარო გარკვეული მიმართულებები, შევიტანო წვლილი ახალგაზრდებს შორის დიალოგის გააქტიურებაში, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში“.

შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგში არსებული საკითხები სომხურ-ქართული მრავალდონიანი თანამშრომლობის სფეროებთან, სომხურ და ქართულ ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთქმედების ხელშეწყობის მიმართულებებთან დაკავშირებით.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის პერსპექტივებს. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების აუცილებლობას.