ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 3 წლით გადავადდება

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 3 წლით გადავადდება


ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 3 წლით გადავადდება, რომელიც დღეს არსებული ჩანაწერით 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების საკითხზე განმარტებები გააკეთა.

„მინდა დეტალურად მივაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას აღნიშნული ცვლილებების პროექტის შესახებ. პირველ რიგში, ხდება გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათების გადავადება, რომელიც 2023 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული და ვადის გადაწევა ხდება 2026 წლის პირველ იანვრამდე. ეს ეხება სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ შეღავათებს, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს, ასევე სხვადასხვა ტიპის შეღავათებს, რომელიც ძირითადად საშუალო და მცირე მეწარმეებს ეხება. ასევე, 3 წლით გადავადდება ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, რომელიც დღეს არსებული ჩანაწერით 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ასევე, ფისკალურ ნაწილში და საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში მომზადებულია ცვლილებები, რომელიც საფინანსო სექტორს ეხება. პირველ რიგში, ვისაუბრებ სადაზღვევო სექტორთან მიმართებაში – სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა ზოგადად საფინანსო სექტორისგან და სადაზღვევო სექტორისთვის ერთი წლით გადავადდება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა. რაც შეეხება საფინანსო სექტორის დანარჩენ ნაწილს, სრულად საფინანსო სექტორს, სადაზღვევო სექტორის გარდა შემდეგი სახის ცვლილებები გვაქვს: სექტორის გადასვლა აღარ მოხდება ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადის მოდელზე და დღეს არსებული დაბეგვრის რეჟიმი მუდმივ ნორმად დარჩება. შესაბამისად, ამ ნაწილში დროზე მითითება იქნება გაუქმებული. ეს იქნება მუდმივი ნორმა, რომელიც ე.წ. კლასიკურ მოგების გადასახადზე დარჩება საფინანსო სექტორი.

ცვლილების მეორე ნაწილი არის ის, რომ საფინანსო სექტორს უკვე ვალდებულება აქვს აღრიცხვა განახორციელოს ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და შესაბამისად, უკვე საგადასახადო მიზნებისთვისაც მოგების გადასახადს დაიანგარიშებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაანგარიშებულ შემოსავლების და ხარჯების შესაბამისად”, – აცხადებს ხუციშვილი.

მისი განმარტებით, მესამე ცვლილება ეხება საგადასახადო განაკვეთებს, რომლის მიხედვითაც 5%-იანი დივიდენდის გადასახადი ნულდება და სანაცვლოდ 15%-იანი მოგების გადასახადი გახდება 20%-ის ოდენობით.

„ანუ დივიდენდის გადასახადი 5% გადავა მოგების გადასახადში. ეს იქნება ძირითადი საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართულებით“, – აცხადებს ხუციშვილი.