ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობა შეჩერებულია

ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობა შეჩერებულია


ახალციხეში, დაახლოებით 11,5 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა შეჩერებულია.

სამშენებლო კომპანიის Nanthon Sanjien Georgia-ს წარმომადგენლის თქმით, ფინანსური პრობლემების გამო კომპანიამ მშენებლობა შეწყვიტა და დაქირავებული პერსონალის ნაწილი გაათავისუფლა. ანა გელნავას თქმით, ფინანსური პრობლემების მიზეზი სამშენებლო მასალებზე გაძვირებაა.

2020 წლის აგვისტოში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხეში სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, ხელშეკრულება გაფორმდა 11 604 343 ლარის ოდენობით.

აქვთ თუ არა ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდში მშენებლობის შეჩერების შესახებ და აპირებენ თუ არა სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას და თანხის გაზრდას? კითხვებით დავუკავშირდით ფონდს, მაგრამ მათ შესთავაზეს ინფორმაციის საჯაროდ გამოთხოვა.

საკითხის გარკვევას ახალციხის მერიაშიც დაგვპირდნენ. რაც შეეხება კომპანიას, ის საქართველოში 2019 წლის 5 აპრილს დაარსდა. ტენდერის მონიტორინგის გვერდის მიხედვით, Digging-მა 4 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორი მოიგო. მას სპორტული კომპლექსები ახალციხესა და ზუგდიდში უნდა აეშენებინა.