„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მაქსიმუმ 5 წუთში იქნებით

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი –  რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მაქსიმუმ 5 წუთში იქნებით


კოპიტნარის რეაბილიტირებულ სადგურში დღეს პირველი მატარებლები გაჩერდნენ. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი.

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეიდან განახლებულ სადგურში ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებელი გაჩერდება.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს კომფორტულ მომსახურებასა და უსაფრთხო გადაყვანას სთავაზობს. განახლებულ სადგურს „ქუთაისის აეროპორტი“ ეწოდა. ის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული.

„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივით, პირველი 7 დღის განმავლობაში ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.