მედია-ანალიტიკური ცენტრის კითხვებზე პასუხობს ,,ჯერ საქართველო’’ პოლიტიკური ინიციატივის დამფუძნებელი, პოლიტიკური ექსპერტი ვიქტორ ყიფიანი

მედია-ანალიტიკური ცენტრის  კითხვებზე პასუხობს  ,,ჯერ საქართველო’’ პოლიტიკური ინიციატივის დამფუძნებელი, პოლიტიკური ექსპერტი  ვიქტორ ყიფიანი


— ბატონო ვიქტორ, როგორ აფასებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებას და რამდენად რეალურია მასში სომხეთის ჩართვა საქართველოსა და თურქეთის მიწვევის საფუძველზე?

— მთლიანობაში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედება შეიძლება ძალიან დადებით მოვლენად შეფასდეს რეგიონისათვის, ვინაიდან მორიგი ნაბიჯი არის რეგიონის სუბიექტუნარიანობის ამაღლების მიზნით. სამხრეთ კავკასიის რეგიონი წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა, სხვადასხვა გეოპოლიტიკური გავლენების სუბიექტი იყო. უდავოა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ამოქმედებით, შემდეგ ერზრუმის, ბაქოს სუბსიდიით, აი, ახლა მორიგი პროექტი — ბაქო-თბილისი-ყარსი, სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის ხმა რეგიონის კონტექსტში მხოლოდ და მხოლოდ დამატებით დატვირთვას და დანიშნულებას იძენს.

თუმცა, არის გარკვეული მოსაზრება, რომელიც აი ამ პროექტს ეხება — რამდენად, ქართული გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, რამდენად თბილისი შეძლებს, რომ თავისი თვითმყოფადობა შეინარჩუნოს ამ პროექტში და რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ თავისი დამოუკიდებელი, გნებავთ სატარიფო თუ სატრანსპორტო ლოგისტიკური პოლიტიკა აწარმოოს. ამ მხრივ არის აზრთა სხვადასხვაობა, ქართულ პრესაში პერიოდულად გაისმის საკმაოდ კრიტიკული შეფასებები ამ პროექტის მიმართ.

მე თავს შევიკავებ უბრალოდ ამ კრიტიკის გამწვავებისგან, იმიტომ რომ მთლიანობაში ვთვლი, რომ  დადებითი მხარეები ამ პროექტის ამოქმედებისა უფრო მეტი არის, ვიდრე ის უარყოფითი, შესაძლო უარყოფითი ელემენტები, რაზედაც საუბარი არის სხვადასხვა გამოცემებში. ყველა ვარიანტში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეგოისტურ სამყაროზე, უსისტემო სამყაროზე, უწესრიგო სამყაროზე, ამ მხრივ, ყოველი ასეთი პროექტი არის დამატებითი სავიზიტო ბარათი, რომ რეგიონმა უფრო მეტად განიმტკიცოს საკუთარი ხმა, საკუთარი როლი და მნიშვნელობა არა მარტო რეგიონულ, არამედ რეგიონის მიღმა კონტექსტშიც.

ამდენად, მთლიანობაში, დამოკიდებულება ჩემი არის პოზიტიური, თუმცა, როგორც ყველა კომერციული თუ არაკომერციული რისკი, პროექტის სამართავი არის, ამ მხრივ ქართულ მხარეს, ჩემი აზრით, მოუწევს საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიმართვა, რომ ეს პროექტი მთლიანობაში პასუხობდეს ქართულ მოლოდინებს.

— როგორ შეაფასებდით სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე დინამიკას და იმ შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც ორ ქვეყანაზე ახდენს გავლენას?

—  შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა ამჟამინდელ ეტაპზე არის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი. ვადევნებთ  თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს, ამავე დროს სინანულით შეიძლება აღვნიშნოთ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს საქართველოში. ამდენად, ისე გამოდის, რომ დღეს უკვე აცდენა სომხურ და ქართულ საგარეო პოლიტიკაში კვლავ სახეზე არის, ოღონდ სხვა მიმართულებით, სხვა და სხვა შინაარსით. თუ მანამდე სომხეთი საგარეო პოლიტიკა უფრო რუსულობით გამოირჩეოდა და საქართველო დინამიურად ვითარდებოდა დასავლური ვექტორის მიხედვით, დღეს ედგვარად ეს როლები ქვეყნებს შორის  შეიცვალა. ვიმედოვნებ, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით ჩვენ ისევ ერთ სიბრტყეში მოვექცევით, რასაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურმა პროცესმა.

იმ აუცილებელი ცვლილებების გარეშე, რაზედაც მე ვსაუბრობ ჩემს კოლეგებთან ერთად, ინიციატივა „ჯერ საქართველოდან“ და სხვა პოლიტიკური პარტიები  ასეთი შიდა ცვლილებების გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო კურსის გამოსწორება, მისი დაკორექტირება იქნება შეუძლებელი. ასე თუ ისეა, გნებავთ ისტორიულად, გნებავთ პოლიტიკური ხელწერის კუთხით, გნებავთ ეთნო-კულტურული თუ მთელი რიგი სხვა ისტორიული წახნაგების გამოისობით, უდავოა, რომ სომხეთი და საქართველო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, განწირულნი არიან, რომ მეტი კოორდინაციით, მეტი ურთიერთთანამშრომლობით, მეტი სინერგიით იმოქმედონ, როგორც რეგიონულ საკითხებზე, ასევე რეგიონსა და რეგიონის მიღმა სხვადასხვა მოთამაშეებს შორის ურთიერთობებში. ეს უდავოდ წაადგება როგორც სომხურ პოლიტიკას, ასევე საქართველოს პოლიტიკას, როგორც სომხეთის სახელმწიფოებრიობას, ასევე საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ სომხეთში ბოლოდროინდელი ცვლილებები ძალიან პოზიტიურ, ემოციურ აღქმას პოულობს საქართველოს საზოგადოებაში და ეს დამატებითი საწინდარი არის იმისათვის, რომ მთლიანობაში ეს ორი ქვეყანა უფრო მეტ საერთოს იპოვის თანამშრომლობის კუთხით, ვიდრე დღეს ეს სახეზეა. ამდენად, სომხეთს თუ მივუბრუნდებით, არჩევნები სომხეთში ჩატარებული, არაერთგზის ითქვა და მე ორიგინალური არ ვიქნები, არ არის მხოლოდ შიდა სომხური მოვლენა, ეს არის შიდა რეგიონული მოვლენა და, რა თქმა უნდა, ამას უშუალო ბმა, კავშირი და ზემოქმედება აქვს ასევე ქართულ პოლიტიკურ პროცესზე. ვიმედოვნებ კიდევ ერთხელ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მოწმენი გავხდებით იმ ცვლილებებისა, რომლებიც სომხეთისა და საქართველოს უფრო მჭიდრო ურთიერთობას და უფრო მეტ დაახლოებას შეუწყობს ხელს.