19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, — ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
„ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 19 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე, ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი ბენდი „მგზავრები“ იქნება, რომელიც ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.