სოფლის მეურნეობის მინისტრი – ხორბალთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ არსებობს, დაახლოებით, 50 ათასი ტონის მარაგია ქვეყანაში
[ad_1]
ხორბალთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ არსებობს. დაახლოებით, 50 ათასი ტონის მარაგია ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხორბლისა და ფქვილის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ჩვენ გვაქვს დღემდე მოლაპარაკებები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ შევთავაზეთ კონკრეტული წინადადება. ჩვენი შეთავაზება არის ხორბლის ნაწილში სუბსიდირება, რათა ფასი კონკურენტული გახდეს და წისქვილებმა კონკურენტულ გარემოში მუშაობა შეძლონ. მათაც აქვთ თავისი წინადადებები და ჩვენ ვართ განხილვის პროცესი. მე არ მითქვამს, რომ სუბსიდირება განხორციელდება. განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიას და საბოლოო ჯამში, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის და სექტორისთვის,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით პრობლემები არ არსებობს, თუმცა არსებობს უკრაინასთან ვაჭრობის კუთხით შეფერხებები.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, გვაქვს მათთან მუდმივი კავშირი და ამ ეტაპზე, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ არსებობს. არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით, თუმცა ეს საკითხი იმდენად არის ასე ვთქვათ, დარეგულირებული რომ დღეს კვების მიმართულებით, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტების მიმართულებით, ქვეყანაში მომარაგების პრობლემა არ არის. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით იმპორტიორებთან და საჭიროების შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
[ad_2]