არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები განიხილეს

არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები განიხილეს


14 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. როგორც  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, მინისტრი მირზოიანი შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს.

თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები, ასევე კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული ერთობლივი მუშაობა. წყაროს ცნობით, მინისტრმა მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიისა და მშვიდობის ფუნდამენტური პრინციპები სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ცენტრშია და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრეს მაღალი დონის მომავალ კონტაქტებსა და დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონულ მოვლენებზე და ხაზი გაუსვეს ძლიერი და თანამოაზრე პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას მიმდინარე გაურკვევლობის პერიოდში.

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მცდელობების კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის უმთავრესი მნიშვნელობა.