ევროპარლამენტმა დაგმო აზერბაიჯანის აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ და მოუწოდა ევროკავშირს წარუდგინოს ამბიციური თანამშრომლობის პროგრამა სომხეთს

ევროპარლამენტმა დაგმო აზერბაიჯანის აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ და მოუწოდა ევროკავშირს წარუდგინოს ამბიციური თანამშრომლობის პროგრამა სომხეთს


ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ და მოუწოდებს აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებზე ევროკავშირის სანქციების დაწესებისკენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე, რამაც გამოიწვია ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა.

3 ოქტომბერს ევროპარლამენტში გაიმართა დისკუსია აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის თემაზე მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა რეზოლუციის პრეზენტაცია.

როგორც ბრიუსელში „Armenpress“-ის  კორესპონდენტი იტყობინება, რეზოლუცია ევროპარლამენტში კენჭისყრაზე 5 ოქტომბერს შევიდა. რეზოლუციას მხარი 491-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 წინააღმდეგი, 36-მა თავი შეიკავა.

მიღებული რეზოლუცია მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს საერთაშორისო და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, ასევე 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი დეკლარაციის და იმ  ვალდებულებების დარღვევას, რომლებიც აზერბაიჯანმა აიღო ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებებში.   ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის დეკლარირებულ განზრახვას, იმუშაოს სომხეთთან სტაბილური მშვიდობის დამყარებაზე და ძირს უთხრის მხარეებს შორის მოლაპარაკებებს.