„ქართული ოცნების“ დატოვებული დეპუტატები ახალციხის საკრებულოში თანამდებობებს დაუბრუნდნენ

დღეს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ხელახლა აირჩიეს საბა კბილაშვილი, რომელმაც 11 ივლისს პოსტი და პარტია „ქართული ოცნება“ „აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის“ დატოვა და საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ზალას“ შეუერთდა.
კბილაშვილის კანდიდატურა დღევანდელ ფარულ სხდომაზე თავმჯდომარემ დავით ლომიძემ წარადგინა და ის ხმების უმრავლესობით წინა თანამდებობას დაუბრუნდა.
ახალციხის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით ახალკაცის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება გახდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში ჯერ კიდევ არიან ე.წ. დეპუტატები, რომლის მიზანია მმართველი პარტიის ნაცვლად ანტიდასავლური გზავნილების გავრცელება.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ, დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს. პარტიას სამცხე-ჯავხეთის 10 დეპუტატი შეუერთდა.