კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს


კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“„IDS ბორჯომი საქართველოში” განუცხადეს, გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ, რაც მათთვის ანაზღაურების შემცირებას ეხებოდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები. გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს“, – აცხადებენ კომპანია „ბორჯომში“.

ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც კომპანიაში განმარტეს, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.