საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს


წითელი ჯვრის არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვარი მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „წითელი ჯვრიდან“ აცნობეს, კონფერენციას 53 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა ეროვნული საზოგადოება საქართველოში ერთდროულად ჩამოვა. კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს რეგიონში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მდგომარეობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დრამატულად შეიცვალა. Covid-19-მა თითქმის ორი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიგრაციისა და იძულებით გადაადგილების მასშტაბები კრიტიკულად იზრდება. კლიმატის ცვლილება კი რეგიონის მასშტაბით ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანს უწევს იძულებით გადაადგილება და საჭიროებს მყისიერ ჰუმანიტარულ თანადგომასა და დახმარებას.

როგორც ყოველთვის, წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე ყველა ამ გამოწვევის წინა ხაზზე დგას და ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. წითელი ჯვრის მე-11 რეგიონული კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც საქართველოს წითელი ჯვრისთვის დიდი პატივი და წარმატებაა. კონფერენციაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის ეროვნული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ლიდერები შეიკრიბებიან და განიხილავენ რეგიონის ყველაზე კრიტიკულ ჰუმანიტარულ კრიზისებთან გამკლავების გზებს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, წითელი ჯვრის ინფორმაციით, 3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სტუმრები შეაჯამებენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. გარდა ამისა, განიხილავენ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიებს.

“ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოს წითელი ჯვარი ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-11 რეგიონული კონფერენციის მასპინძელია. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ რეგიონში მიმდინარე კრიტიკული გამოწვევები და კოორდინირებულად, ურთიერთანამშრომლობით შევძლოთ მათზე ადეკვატური პასუხის გაცემა” – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება სამი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები: მიგრაცია; COVID-19; კლიმატის ცვლილება

“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოხალისეები დაუღლელად მუშაობდნენ და ზრუნავდნენ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მათ შორის იყო საქართველოს წითელი ჯვარიც, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის დროს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეცვალა”, – აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

კონფერენცია თბილისში სამი დღის განმავლობაში, 26-დან 28 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

“დღეს ჩვენი მთავარი მიზანია ერთიანი ძალებით მოვემზადოთ სამომავლო გამოწვევებისთვის, რათა მომავალშიც შევძლოთ გაერთიანებული ძალებით სხვა დიდ გამოწვევებთან გამკლავება. ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი კოორდინირებული მუშაობა უფრო გვაძლიერებს, რადგან პრობლემა, თუკი ის არსებობს, გვეხება ყველას. ჩვენი ძალა, ჩვენს ერთობაშია – ეს არის ამ კონფერენციის მთავარი მოტო, რომელიც გვაძლევს ძალას, შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ”, – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები და მომხსენებლები იქნებიან: წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ფრანჩესკო როკა; თურქეთის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი და საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დოქტორ კერემ კინიკი; ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი ბირგიტა ბიშოფ ებესენი და საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი ნათია ლოლაძე.