ახალციხის მერია სოციალურად დაუცველი პირებისთვის პროდუქტის შეძენას გეგმავს

ახალციხის მერია, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახებისთვის, ზეთის, ფქვილის, შაქრის, მაკარონის, წიწიბურის შეძენას გეგმავს. მომსახურებისთვის ტენდერი უკვე 5 ეტაპად გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
242 ტომარა 25 კილოგრამიანი ფქვილი, 242 ერთეული ხუთ ლიტრიანი ზეთი, 1210 კგ მაკარონი, 726 კგ შაქარი, 484 კგ წიწიბურა – ამ რაოდენობის პროდუქტის შესყიდვას გეგმავს ახალციხის მერია. პროდუქტი 242 ოჯახს გადაეცემა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, 146 ტომარა 25 კილოგრამიანი ფქვილისთვის მერია 6 500 მდე ლარის გამოყოფას გეგმავდა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა ინდ. მეწარმე კახაბერ დიასამიძემ მიიღო, რომელმაც მერიას ფქვილის შესაძენად 6321 ლარი შესთავაზა. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტს, ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არავინ მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ოთხივე ტენდერი ჩაიშალა და დღეს ისევ იმავე პირობებით გამოცხადდა.