ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინფლაცია მარტი-აპრილის თვიდან შემცირდება, თუმცა პროგნოზით გათვალისწინებულ 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ დაუახლოვდება


ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია მარტი-აპრილის თვიდან შემცირდება, თუმცა პროგნოზით გათვალისწინებულ, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ის ვერ დაუახლოვდება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ინფლაციის პროგნოზმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინაში დაიწყო ომი. შესაბამისად, მთელ რიგ პროდუქტებზე, რომლის მომწოდებლებიც ეს ქვეყნები იყვნენ და არამხოლოდ, საერთაშორისო ბაზრებზე დაიწყო ფასების ზრდა. სწორედ 75 დოლარიდან 120 დოლარამდე გაიზარდა ნავთობის ფასი ბარელზე, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა, რომელიც უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება. ბუნებრივია, ყველა ეს ფაქტორი ასახვას ჰპოვებს ინფლაციის დონეზე საქართველოში, თუმცა ვიცით, რომ შარშანდელი ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო ქვეყანაში ასევე, შესაბამისად, ბაზა არის საკმაოდ მაღალი. ინფლაცია ნამდვილად დაიწყებს შემცირებას უკვე მარტი-აპრილის თვიდან, თუმცა ის ვერ დაუახლოვდება იმ მიზნობრივ მაჩვენებელს, რა მიზნობრივ მაჩვენებელთან მიმართებითაც გვქონდა ჩვენ პროგნოზი, ანუ 3 – პროცენტიან ნიშნულს. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ნამდვილად დაიწყებს შემცირებას მარტი-აპრილის თვიდან“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.