სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა


სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. ამ მიზნით კი, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ახალი სსიპ-ი – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ჩამოყალიბდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იცვლება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებსა და ზონებში განაშენიანების გეგმის, განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების წესი. აღნიშნულ გეგმებს სააგენტო დაამტკიცებს.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტები სივრცის დაგეგმარების გეგმას საექსპერტო დასკვნისთვის სააგენტოს წარუდგენენ. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობას განხილვის პროცესში და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მუნიციპალიტეტს დასკვნას წარუდგენს.