საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია განიხილეს, ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე ინფორმაცია გაცვალეს და უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს.
„საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ომის შედეგად რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს, ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა. საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას დაეთმო.
საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან, ასევე აღნიშნა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაცია, ამ გზაზე უკვე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და თანმიმდევრული განხორციელება. მინისტრები ვერსალის ე.წ. არაფორმალურ სამიტზე ლიდერთა მხრიდან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას მიესალმნენ. მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, განაგრძონ ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.