სტუდენტებმა დისტანციური სწავლების წინააღმდეგ აქცია გამართეს

“უნივერსიტეტი სტუდენტებს” – ამ ლოზუნგით თსუ-ს სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დისტანციური სწავლების წინააღმდეგ აქცია გამართეს.
სტუდენტები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებას და ხარისხიანი განათლების მიღებას მოითხოვდნენ.
სტუდენტების განცხადებით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე, რექტორთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხების გაცემა იყო.
სტუდენტების განცხადებით, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, უნივერსიტეტმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს და სტუდენტებს ხარისხიანი, გადასახადის შესაფერისი განათლება მისცეს.
“ჩვენი უნივერსიტეტი ორი წელია მიმართავს უპასუხისმგებლობას, უნიათობას და თვალებში ნაცრის შეყრას, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში რეგულაციები ერთი მეორის მიყოლებით იხსნება. დღეს მოვისმინეთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ რიგი შეზღუდვები მოიხსნა, ან შემსუბუქდა. ამ ყველაფრის ფონზე კი, უნივერსიტეტს სურს დაგვაჯეროს, რომ, თუ ჩვენ მშვიდობიანად აუდიტორიებში მოვისმენთ ლექციებს, მხოლოდ აქ არსებობს იმის საფრთხე, რომ პანდემია გამძაფრდეს. ამ ყველაფრის მოთმენა აღარ შეიძლება, ვინაიდან, კონსტიტუციით გარანტირებული ხარისხიანი განათლების მიღების უფლებას ვკარგავთ. ამ უფლებაში უხეშად ერევა ჩვენი უნივერსიტეტი იმის ფონზე, რომ სინამდვილეში სწორედ მანდ უნდა მოგვცეს ხარისხიანი განათლება.
ის ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კარი დაგვიხურა დღეს, ორი წლის შემდეგ აღარ არსებობს. შესაბამისად, სტუდენტები ვეღარ ვხედავთ იმის რეალურ მიზეზს, თუ რატომ გვართმევს ჩვენი უნივერსიტეტი იმის საშუალებას, რომ განვვითარდეთ, მივიღოთ ხარისხიანი ცოდნა, მოვახდინოთ საკუთარი თავების საზოგადოებაში სოციალიზაცია და შევუქმნათ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არა მხოლოდ ჩვენს ოჯახებს არამედ, საბოლოო ჯამში, ჩვენს სახელმწიფოს ბედნიერი, წარმატებული და განვითარებული მომავალი.
უნივერსიტეტისგან ვიღებთ სრულ უნიათობას, ცრუ დაპირებებს და ტყუილს. ყოველ ჯერზე, როდესაც სტუდენტებში რაღაც პროტესტი გაჩნდა, ჩვენ გვქონდა იმის სურვილი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო საუბრით და ერთგვარი დიპლომატიური მეთოდებით, თუმცა დღემდე ამ ყოველივეს არ გამოუღია შედეგი. შესაბამისად, სხვა აღარაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ ვიდგეთ აქ და აქედან მივაწვდინოთ ხმა ცენტრალურ ადმინისტრაციას”, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი გელაძემ.
შეგახსენებთ, მანამდე, სტუდენტებმა მეტროსადგურ “რუსთაველიდან” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე ფეხით მსვლელობა გამართეს.