საქართველოში ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა

საქართველოში ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა


ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 18 დეკემბერს ჩამოვიდა, იტყობინება ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი.

ვიზიტის ფარგლებში გენერალურ მდივანს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები ახლდებიან.

„ვიზიტი მიმდინარეობს პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის ფონზე, პოლიტიკური დისკურსის უკიდურესი პოლარიზაციისა და ბოლო კვირების განმავლობაში ძალადობის ინციდენტების ფონზე. ვიზიტის მიზანია უზრუნველყოს აუცილებელი პირობები ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გასაგრძელებლად ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.

საქართველო, რომელიც 1999 წლიდან არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია პატივი სცეს ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა დაცვას და კანონის უზენაესობას. ევროპის საბჭოს სტატუტში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში დაფიქსირებული ეს პრინციპები გადამწყვეტია ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. გენერალურმა მდივანმა ისარგებლა შემთხვევით და ნათლად გაიმეორა ეს მესიჯი საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან სატელეფონო საუბრისას.

ამ დაძაბულ და საგანგაშო კონტექსტში, ევროპის საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისგან. ის ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლებას და შეკრების თავისუფლებას. ეს პრინციპები აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობისა და ქართველი ხალხის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად.

ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის 2024-2027 წლებში, მომზადებული ეროვნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და დამტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2023 წლის 18 ოქტომბერს, მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ევროპის საბჭო მზადაა მოერგოს ეს მხარდაჭერა ადგილზე არსებულ რეალობას და ამავდროულად აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან.

გენერალური მდივანი მიესალმება ნიკა გვარამიას და ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას. ვიზიტის ფარგლებში ის მათ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.