ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა მხარს დაუჭერენ

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა მხარს დაუჭერენ


საპარლამენტო ოპოზიციას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, კენჭისყრაზე მის მხარდაჭერას მაინც გეგმავს.

როგორც რეზოლუციის პროექტის განხილვისას „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის პროექტი არაკომპეტენტურადაა შედგენილი და მისი მხარდაჭერა შეურაცხმყოფელია.

„უცნაურ დოკუმენტს გვთავაზობთ მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ მე მხარს დავუჭერ ამ დოკუმენტს, ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც იცნობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს, ასეთი არაკომპეტენტური დოკუმენტის მხარდაჭერა არის საკმაოდ შეურაცმყოფელი. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ასეთ დოკუმენტს სთავაზობთ საქართველოს პარლამენტს. არაფერი საერთო არ აქვს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან, ეს არის სრულიად სხვა პროცესი. როდესაც ამ ტექსტს ვკითხულობთ, ვფიქრობ, რომ თქვენ და ამ რეზოლუციის ავტორებს არ გესმით, რომ ახალ რეალობაში გადავიდა ეს პროცესი, შესაბამისად, სრულიად გაურკვეველია ეს ტექსტი რა კრიტერიუმებით შეადგინეთ?! რატომ არ არის ნახსენები დოკუმენტში კრიტეტირუმები რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას და ა.შ?“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რეზოლუციას მხარს დაუჭერს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებიც.

„ამ რეზოლუციას იმის მიუხედავად გაითვალისწინებთ ჩვენს რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს თუ არა, მხარს ვუჭერთ, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ნებისმიერი პოლიტიკური აქტი ამ დარბაზში მიღებული მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, იმ ნაწილში, სადაც საუბარია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მიზანშეწონილია დაემატოს უკრაინასა და მოლდოვასთან კოორდინაციის გაძლიერება განაცხადის საკითხზე“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.